5 სიმღერა რომელმაც დეპრესიას გადამარჩინა

დიდი შანსი იყო ამ ზაფხულს სერიოზულ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. ზაფხულის პირველი ნახევარი მართლა ძალიან მაგარი იყო: მანგლისი, გართობა, სიგიჟეების კეთება… მაგრამ მერე… ზღვაზე ავიკიდე ენტერო ვირუსი და მას მერე ვერ გამოვჯანმრთელდი ნორმალურად. მოკლედ ზღვაზე ყოფნისას იმის მაგივრად, რომ მედუზებს შევჯიბრებოდი ვინ უფრო შორს გავიდოდა (:D) ვიწექი ლოგინში და მორავიას ვკითხულობდი. ასევე ვუსმენდი მუსიკას. ამ სიმღერებმა და კომპოზიციამ მიხსნა დეპრესიისგან რასაც ვერ ვიტყოდი მორავიაზე… პირიქით უფრო დამგრუზა:(

#1. Bob Dylan – Like a Rollin Stone. ჯერ მარტო ისეთი ტექსტი აქ გაგაბედნიერებს… და მერე ბობის საყვარელი ხმა <3

#2. Radiohead – Fake Plastic Trees. ძირითადად ლაივებს ვუსმენ ხოლმე… უფრო ჩესნია :) )

#3. Cocorosie – Madonna. დღემდე დიდ მადლობას ვუხდი RTV-ს რომ ეს დუეტი აღმომაჩენინა <3 რა მეშველებოდა ესენი რო არა :)

#4. The Beatles – Here Comes The Sun.  მოკლედ ლოგინზე გაშხლართული წარმოვიდგენდი, ები როუდზე როგორ მივაბიჯებდი მეხუთე… :)

#5. Yann Tiersen – Comptine d’un autre ete : L’apres midi - ამ მელოდიის მოსმენისას მავიწყდებოდა, რომ სიცხე მქონდა…

Posted in Uncategorized | 1 Comment

ბავშვობის მიკრო ინტერესები და გატაცებები

თითქოს ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ არსებობს. იმდენი უცნაური აზრები იბადება მათ თავში… ჩემს თავშიც ბევრი ამგვარი რამ დამიფიქსირებია…

ვერასდროს ვიტანდი ძილის წინ ზღაპრებს, რადგან შემდეგ სიზმრებში მათ კოშმარულ ინტერპრეტაციებს ვხედავდი მაგალითად: ვამპირ წითელქუდას ან  კომბლეს რომელსაც ჯეკ ნიკოლსონის სახე ქონდა:) ჯეკ ნიკოლსონისადმი შიში მისი ჯოკერად ნახვისას გამიჩნდა. საუკეთესო საშუალება იყო ჩემი მშობლებისთვის დავეშინებინე ხოლმე: “შეჭამე, თორემ ჯეკ ნიკოლსონი მოვა და დიდი პირით გადაგსანსლავს”, მაგრამ საბედნიეროდ კარგი მჭამელი ვიყავი და აგრეთვე მათ ბავშვების დაშინება არ უყვარდათ.


მას შემდეგ რაც 3 წელი შემისრულდა ვერ ვიტანდი თოვლის ბაბუას, რადგან ბარბის სახლის ნაცვლად თოჯინის ეტლი მაჩუქა, რომელში ჩაჯდომაც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო არ შეიძლებოდა:|
როგორც ყველა ბავშვს, მეც დამაინტერესა საიდან გავჩნდი. როდესაც დედაჩემი შევაწუხე ამ კითხვით, მან აუღელვებლად ამიხსნა, რომ ღმერთმა აჩუქა ჩემი თავი. მახსოვს დავხატე ნახატი, სადაც შარვალ კოსტიუმში გამოწყობილი ღმერთი (ამ შემთხვევაში მამაჩემის კონკურენტი) როგორ გადასცემს ჩვილ თათიას ბალერინის “პაჩკაში” და პუანტებში გამოწყობილ დედაჩემს :) სამწუხაროდ მესამე კლასში ეს ლამაზი მითი უნამუსოდ დამინგრია ჩემმა ბოროტმა კლასელმა :(

ერთი პერიოდი ვგიჟდებოდი კურიერზე, თუმცა პოლიტიკაზე და მკვლელობებზე მეტად წამყავნები მიყვარდა. მაინტერესებდა მათი პირადი ცხოვრება (აფსუს სად იყო მაშინ “პროფილი”) და ბებიაჩემს ვეხვეწებოდი რუსთავი2-ში დაერეკა და რომელიმე მათგანს მაინც დავლაპარაკებოდი. რა თქმა უნდა მათაც ხშირად ვხატავდი ხოლმე… ერთხელ პლასტელინისგანაც გამოვძერწე:))

მერე ჩატარდა ოლიმპიური შეჯიბრება… და მაშინ მე აღმოვაჩინე ჩემი ყვითელკანიანი კოვბოი:)
ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როცა მე ბაღში წასვლაზე უარი განვაცხადე. ვიჯექი ტელევიზორთან და ჯოხით მხტომ კონკურსანტებს თვალს ვადევნებდი. უცებ სავარაუდოთ ჩინელი ახალგაზრდა ჯოხით ახტა. და იმ დროს ჩვენ ორისთვის კადრი გაჩერდა :) პირველი დანახვისთანავე შეგვიყვარდა ერთმანეთი… მას მერე ერთმანეთი არ გვინახავს, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაახლოებით 3 თვით მას ჩემი გული მოეპარა :D მე მას ჰამლეტი დავარქვი…
ღამე მესიზმრებოდა დღისით კი მასთან ვირტუალურ ინტერვიუებს ვწერდი:) ერთი ინტერვიუ განსაკუთრებით მახსოვს. გარშემო ჩემი მიკრო ზოოპარკი შემოვიკრიბე: ინტელექტუალი პანდა (რა დიდი და ჭკვიანი მეჩვენებოდა იმ პერიოდში ეს პანდა. იმისთვის დავსვი, რომ შენიშვნები მოეცა თუ რამეს ცუდად ვკითხავდი) ბრელოკი ბეკეკა (ეს არ მახსოვს რატომ იჯდა, ალბათ უბრალოდ დამსწრე იყო:D) და რაც მთავარია თავად ჰამლეტი რომლის დროებით მოვალეობასაც ჩემი “ლოგინის დათუნია” – ემილი ასრულებდა. დაიწყო ინტერვიუ:
-პირდაპირ საქმეზე გადავალ ბატონო ჰამლეტ.
-დიახ, რა თქმა უნდა.
-ქოლგეითით იხეხავთ კბილებს თუ ბლენდ ა მედით?
-რა თქმა უნდა ქოლგეითით.
-მეც, რა დამთხვევაა.
-ღამე მარჯვნივ გიყვართ ძილი თუ მარცხნივ? (არადა აზრზე არ ვიყავი მაშინ რომელი რომელ მხარე იყო:D)
-მარცხნივ.
-ჰაჰ, მეც. რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში?
-თასმების შეკვრა და ბაბოლით ბუშტების გაბერვა.
-უი, ჩემიც.
-რა ჰქვია თქვენს ლოგინის დათუნიას? (ბავშვობიდან დღემდე ვერ წარმომიდგენია დათუნიის გარეშე როგორ უნდა დაიძინო, უბრალოდ ახლა ნაკლებად ვაწუხებ ხალხს ამის კითხვით):D

დაახლოებით ასეთი კითხვებით გრძელდებოდა ინტერვიუ. სამწუხაროდ ყველა კითხვა არ მახსოვს:) საბოლოოდ მე,პანდა, ბრელოკი ბეკეკა და თვით ჰამლეტიც კმაყოფილები ვრჩებოდით.

გაურკვეველი მიზეზებით მე და ჰამლეტი დავშორდით ერთმანეთს. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასტრიდ ლინდგრენის შექმნილი არსებები გამოჩდნენ. ძალიან მიყვარდა “ჰეკლბერი ფინიც”, “ტომ სოიერიც”,”პეპი გრძელი წინდაც” ”მაწანწალა რასმუსიც” და “ყაჩაღის ასული რონიაც”, მაგრამ ერთი პატარა მოთხრობის გმირი ემილი (“ლიონერბერგელი ემილის თავგადასავალი”) ყველას მერჩივნა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ჩემი დათუნიის სახელი ერქვა. მერე, იმიტომ, რომ მაგარი ტიპი იყო…

ეჰ, მერე იყო რევოლუცია… თუ რევოლუცია მანამდე იყო…ეე არადა რა კარგად ჯდებოდა :შ  მოკლედ ამ გაურკვეველ ნოტაზე მოვრჩი მე ! :)

Posted in Uncategorized | 1 Comment

ბლოგმა გაიღვიძა?

არ მეგონა ჩემი ოპერა browser-ი ამას თუ მოესწრებოდა და ჩემს კომპიუტერში კვლავ აციმციმდებოდა “ვორდპრესის” ფანჯარა. როგორც ჩანს აუცილებელია ენტერო ვირუსი დამემართოს, რომ ახალი პოსტის წერის ხასიათზე მოვიდე. ბევრს აღარ გავაგრძელებ. ჩემმა ბლოგმა ახალი სეზონი დაიწყო! :)

Posted in Uncategorized | 1 Comment

ბლოგის ყოფნა – არ ყოფნის საკითხი

რამდენიმე დღის წინ შუაში გახლეჩილი ვიყავი. ეხლა შევხორცდი შედარებით, თუმცა ახლაც არ ვიცი რისთვის შევქმენი ბლოგი, არ ვიცი რა მინდა ინტერნეტ სივრცეში, არ ვიცი რა მინდა ამ პოსტით ვთქვა, არ ვიცი როგორ დავიწყო პოსტი და ამიტომ აქვს ასეთი დასაწყისი. მე ცნობილი ვარ (ახლობლებში და არა ჰოლივუდში) როგორც შუა გზაში ყველაფრის მიმტოვებელი.  ჩემი დღევანდელი საუზმიდან დაწყებული,(ჩემი ქმარი კვაზიმოდო იქნება) ტუალეტის კარის შეღებვით დამთავრებული,(დიდის ამბით კი ავიღე ჩემს თავზე) ყველაფერი სანახევროდაა შესრულებული. ერთადერთი რაღაც რაც მგონი არასდროს მიმიტოვებია არის წიგნი, ამით არ ვმანიპულირებ,(თუ კი?) უბრალოდ მართლაც ასეა და მეამაყება:) ბლოგი წიგნი არ არის შესაბამისად მისი მიტოვების პროცენტები მაღალია. ამის გაკეთება რამდენიმე მიზეზის გამო მინდა:

1. მუზა მომდის ძირითადად ღამე 3–4 საათისთვის, მაშინ როცა უძილობას ვებრძვი და ამ დროს იდეები არ მასვენებენ პოსტებთან დაკავშირებით. ამ დროს ვინ მიმიშვებს კომპიუტერთან. დილით რა თქმა უნდა არაფერი მახსოვს…  დღევანდელი პოსტით თუ ვიმსჯელებთ მიხვდებით, რომ  შუა ღამეს არ დაწერილა, თორემ გაცილებით უკეთესი იქნებოდა.(?)

2. როდესაც სხვა ცნობილი ბლოგერების პოსტებს ვკითხულობ, არ მიმაჩნია სწორად, რომ მათაც ბლოგერები ერქვათ და მეც…

3. საშინლად მოუწესრიგებელი გვერდია არ ვიცი რამდენად მოვაწესრიგებ. ხო, კიდევ ამ შრიფტს ვერ მოვუხერხე ვერაფერი. ვერ დავაყენე ნორმალური.

4. ინტერნეტ სივრცეს როგორც ბლოგის შექმნით არ მომატებია, მისი გაქრობითაც არაფერი მოაკლდება.

გადავწყვიტე ცდები, გამოკითხვები თუ რაც გინდათ დაარქვით ჩამეტარებინა, ოღონდ ჩემეულად.:) უცნაურია, სულელურია, უაზროა, არაფრის მთქმელია რასაც ახლა დავწერ, მაგრამ მე მომწონს ამგვარი მეთოდებით საქმეების მოგვარება. მოკლედ გადავწყვიტე ჩემი ძაღლისთვის ძვალი მიმეცა. ძვალზე ეშმაკსაც კი მიჰყიდის სულს, პრინციპში რა იცის მაგან რა არის ეშმაკისთვის სულის მიყიდვა, ან ეშმაკი ვინ არის საერთოდ? ან ვინც არ უნდა იყოს რათ უნდა ჩემი ძაღლის სული:|…<(მოკლე ჩართვა პოსტში) მოკლედ 2 სიტყვით – ძალიან უყვარს, ხოდა გადავწყვიტე შუა ჭამის დროს მივახლოვებოდი – თუ დამიყეფდა ბლოგი არსებობას განაგრძობდა, თუ ჭამას გააგრძელებდა და არაფერს მეტყოდა, შესაბამისად ბლოგი დაიხურებოდა და თუ კბენას დამიპირებდა მაგიდაზე ვისკუპებდი… მაგრამ ვერ განვახორციელე იდეა… ძვალი ვერ ვიშოვე..იდეა იდეათ დარჩა..

პირველი ცდის, გამოკითხვის, თუ რაც გინდათ დაარქვითის ფიასკოთი დასრულების შემდეგ გადავწყვიტე სიტუაციას ოდნავ ნორმალური ადამიანის გონებით მივდგომოდი. მიზანში ბებიაჩემის საყვარელი გვირილები ამოვიღე. გადავწყვიტე დამეპუტა ფურცლები და იქნებ მან მაინც მაჩვენოს “გზა ჭეშმარიტებისაკენ” თქო…(დაცინვას არ ვართ, ოდნავ ნორმალური ადამიანის გონებით მეთქი)  ბებიაჩემი სამზარეულოში ფაცი–ფუცობდა. მე ფეხშიშველა ჩუმად მივეპარე გვირილებს. 1 ცალი ამოვაძრე. მეგონა გადავრჩი თქო და უცებ ბებიაჩემი დამადგა თავზე ბადრიჯნიანი გიგანტი კოვზით (ოო როგორ ვერ ვიტან ბადრიჯანს).  თავიდან ვუთხარი, დღიურში უნდა ჩავაბრტყელო , მერე თმაში უნდა ჩავიწნა მეთქი. ბოლოს ვუთხარი რისთვისაც მინდოდა  (ძლივს მივახვედრე თუ რა იყო ბლოგი) და დამცინა, ამგვარ მეთოდებს, რომ ვიყენებდი. ბარემ ყავაზე იმკითხავეო. მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემს გვირილის გაპუტვა – არ გაპუტვის საკითხი უფრო ანაღვლებდა ვიდრე ჩემი ბლოგის არსებობა– არ არსებობის, მაინც დამრთო ნება ამეღო. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და ლაპარაკის დროს გვირილა შემომეპუტა. აი მეორე ცდა, გამოკითხვა თუ რაც გინდათ ის დაარქვიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

მალევე მივხვდი, რომ ჯობდა ჩემეულ ქარაფშუტულ რაღაცეებთან ერთად, შუა საუკუნეში დამკვიდრებული რომანტიულ–ბანალური გვირილის დაპუტვის ტრადიციაც გვერძე  გადამედო და სიტუაციისთვის ისე შემეხედა როგორც შეხედავდა ჩვეულებრივი ჰომო საპიენსი, 21–ე საუკუნეში მცოხვრები უბრალო ადამიანი, როგორც შეხედავდა ბობ დილანი, ბარაკ ობამა, მარტინ სკორსეზე, მაჰათმა განდი (მაჰათმას არ უცხოვრია 21–ე საუკუნეში, თუმცა ვინც ჩამოვთვალე ყველა ჩემი ფავორიტია და ამ ჩამონათვალს იგი არ უნდა გამოჰკლებოდა) საბოლოოდ გადავწყვიტე აზრი ჩემი რამდენიმე მეგობრისთვის მეკითხა. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა იცის ამ ბლოგის არსებობის შესახებ.

  1. “კი, კი გააგრძელე, ძალიან მომწონს როგორც წერ.”
  2. “რომელი ბლოგი?”
  3. “რა დროს ეგ არი თევზი მომიკვდა ;(“
  4. “აუცილებლად, ვგიჟდები შენს ბლოგზე. რა გაუქმებას აპირებდი?” :პირდაღებული სმაილი:

ხო, არ ვიცი რამდენად ობიექტურები და გულწრფელები იყვნენ,(მე–3 რო გულწრფელი იყო წყალი არ გაუვა) თუმცა როგორც ხედავთ ბლოგი ჯერჯერობით სუნთქავს, თუმცა აპარატზეა მიერთებული და ხაზიც ნებისმიერ დროს შეიძლება გასწორდეს. მე ვცდილობ, რომ მითი (უფრო რეალობა) იმის შესახებ, რომ ჩემი ყველა დაწყებული საქმე შუა გზამდეა მიყვანილი, თუ მიუყვანელი (ეს გააჩნია პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი. ჭიქის და წყლის პრინციპია რა) გავბზარო… დამსხვრევამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა.:)

პ.ს ეხლა იმის იმედი მაქვს, რომ ვინმე გამოცდილი თუ გადააწყდება ჩემს ბლოგს, სხვადასხვა დეფექტებს და შეცდომებს ჩემს ასაკს და გამოუცდელობას დააბრალებს.:) ხო კიდევ, წინა პოსტებში რამდენიმე გრამატიკული შეცდომა ვნახე და პარდონ:) გამორიცხული არ არის, რომ ამ პოსტშიც იყოს.

Posted in პირადი, ჰუმორი, Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , | 6 Comments

ზაფხულის არდადეგებს გახსნილად ვაცხადებ!

როგორც იქნა, დადგა, გვეღირსა თავისუფლების 3 თვე რომელიც ვინ იცის რამდენჯერ გვინატრია ამ დამღლელი წელიწადის განმვალობაში. (მე პირადად ამაში რეკორდს დავამყარებდი) დამთავრდა ის ხანა დილას აერობიკაზე რომ მივდიოდი ბანანის ჭამით, მეგა გადაჭედილ 61–ში ავიდოდი, ბილეთის აპარატთან დიდი ძალისხმევით მივაღწევდი უკან გამობრუნებულს და ადგილის შოვნით დაიმედებულს ვერ გაიგებდი ვინ მაბიჯებდა, ვის ვაბიჯებდი. ადგილს უეჭველი ვერ ვიშოვიდი და ისევ ვიღაცის მკლავის ქვეშ დგომა მიწევდა. მერე ნელ–ნელა იცლებოდა ტრანსპორტი. მკლავიც გამომეცლებოდა თავიდან.  ჯერ თსუ–სთან ჩავიდოდა სტუდენტთა და ლექტორთა ნაკადი. მე ისეთი ბედი მაქ უეჭველი რომელიმე ჩამსვლელი მგზავრის ჩანთას გამოვედებოდი, უფრო სწორედ თვითონ გამომედებოდა და სანამ განვცალკევდებოდით ავტობუსიც დაიძრებოდა და მერე დაიწყებოდა “უკაცრავად ჩავდივარ და გააღეთ რა” მერე მძღოლი სარკეს ახედავდა და გაცხარებული ეტყოდა ” ქალო ამდენი ხანი რას აკეთებდი, მერე რო დამაჯარიმებენ შენ გადამიხდი?” მერე “ვერჩასული” მგზავრი კიდე რაღაცას ეტყოდა და ბუზღუნით ჩავიდოდა. ამის შემდეგ ილიას უნივერსიტეტთანაც დაიცლებოდა ავტობუსი. ხოდა მეც ხარბად ჩავისუნთქავდი ნანატრ ჰაერს, მარა მალევე ამოვახველებდი რადგან არც ისე ნანატრი აღმოჩნდებოდა როგორც მეგონა. “თუ ჰაერი გინდა ვაკის პარკთან ჩაისუნთქე” – შემოვუძახებდი ხოლმე ჩემს თავს. ხო, ილიას უნივერსიტეტის დანახვისას ხალხს “საიდუმლო სირობა” ახსენდებოდა და დისკუსია იწყებოდა ამ თემაზე. ამ თემიდან “რას გვიშვრება ეს მთავრობა”–ზე, “მშვიდობის ხიდის ამშენებლზე,” და სხვა ამგვარ თემებზე გადადიოდნენ და ვაკის პარკამდე ამის მოსმენა მიწევდა. შემდეგ ვაკის პარკთან ჩამოვიდოდი “აშკარად სჯობს 61–ის ჰაერს” <– ციტატა ჩემი ფიქრებიდან. დარბაზში შევირბენდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ დავაგვიანე (უკვე ტექსტიც მზად მქონდა ” მას, იცით ….”) მაგრამ აღმოჩნდებოდა, რომ პირველი ვიყავი ხოდა გამოვიცვლიდი და ძელთან ჩემთვის “ბატმან ტანძუებს” ვაკეთებდი. აერობიკის მერე სასწრაფოდ დავგაზავდი გაჩერებამდე ისევ 61–ით (ოღონდ შედარებით ცარიელი) სახლში აღმოვჩნდებოდი. ეგრევე ინგლისურის მეცადინეობას შევუდგებოდი რომლის სასწავლადაც მთელი “ვიკენდები” მქონდა მარა მე რის მე ვიქნებოდი შაბათ–კვირა მეგობრებთან გართობის ნაცვლად ინგლისურისთვის დამეთმო. ხოდა აერობიკისგან დაღლილი ვიმკიდი ჩემი შაბათ–კვირის უსაქმურობის შედეგს. ცალი ხელით ბუტერბროდს ვჭამდი, ხოლო ცალი ხელით ვიღაც “ბობის გატაცებებს” ვთარგმნიდი. ამის შემდეგ მოდიოდა მასწავლებელი რომელიც ან მთლიანად ამიწითლებდა ხოლო თუ გამიმართლებდა 3 შეცდომას მაინც მიპოვიდა.

ინგლისურის მერე მქონდა სკოლა.(გვიან მეწყება) სკოლაში აუცილებლად 5–10 წუთით ვიგვიანებდი. ბავშვებს გადავპროშნიდი და ჩემს ბოლო მერხს მივუჯდებოდი. როგორც პირველ პოსტში ვახსენე ან რამის ხატვას ვიწყებდი ან წიგნს “დავაძრობდი.”

მერე მქონდა კერძო მათემატიკა. ჩემი მახსოვრობა ვერაფრით ვერ გასწვდა მასწავლებლის სახლის დამახსოვრებას. ხოდა ხან ვის ვეკითხებოდი მე14 კორპუსი სად არის თქო ხან ვის. მერე ძლივს მივაგნებდი მარა ბინა შემეშლებოდა და ვიღაცას შევუვარდებოდი სახლში.ბოლოს დაღლილ – დაქანცული სწორ მისამართს მივადგებოდი და უკვე არაფრის თავი აღარ მქონდა… (საწყალი მე) საბოლოოდ სახლში მისული ან პირდაპირი რეისით ლოგინში, ან კიდევ კომპიუტერთან:) მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ასე გრძელდებოდა მთელი წელიწადი… ნუ ყოველდღე, ყველაფერი ესე არ ხდებოდა, მაგრამ სამშაბათობით და ოთხშაბათობით ამ რეჟიმისთვის ვიყავი განწირული. ხოდა 3 თვით ყველაფერი ეს მორჩა. შემიძლია გაურკვეველი დროით მეგობრებთან ვიყო, ვხატო, ვიკითხო, ფილმებს ვუყურო, მუსიკას ვუსმინო, კომპიუტერთან ვიჯდე და Gold Miner-ი an Chicken Invaders-ი ვითამაშო, შემიძლია 3 თვით გადადავივიწყო გადაგრუზული 61 – მისი “ცხვირმწველი” ჰაერით და მასში მჯდომი საჭირბოროტო საკითხების განმხილველი ხალხითურთ, დავივიწყო ბობი(დილანი მაინც ყოფილიყო) თავის გატაცებებიანად, დავივიწყო მათემატიკა თავის ლაბირინთებით… კაი გრძნობაა:) The World Is Mine !

Posted in პირადი | 4 Comments

საკმაოდ თამამი თემაა ჩემი “თოთო” ბლოგისთვის, ხოდა მე ვფიქრობ ამ 3 კრიტერიუმს მაინც უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ ამგვარ თემებზე ვწერო.

  1. ჩემი ბლოგი უფრო სტაჟიანი უნდა იყოს, და ხალხშიც მეტი პოპულარობით სარგებლობდეს.
  2. ბლოგის პოპულარობით გაკადნიერებულს უკვე  Fun page – ი უნდა მქონდეს შექმნილი ფეისბუქზე, რომელზეც მინიმუმ 200 ადამიანს ექნება “მილაიქებული” (ეს ისე, სითამამისთვის)
  3. მინიმუმ 17–ის უნდა ვიყო, რომ თემაზე საუბარი მართებულად ჩამეთვალოს.

აქედან არცერთ კრიტერიუმს არ (ვერ) ვაკმაყოფილებ, რადგან ჯერ კიდევ ბავშვად ვითვლები, ჩემი ბლოგი პოპულარული ჯერჯერობით ვერ იქნება, რადგან ინტერნეტ სივრცეს სულ რაღაც 3 დღის წინ ერგო მისი შექმნის პატივი და შესაბამისად რა ფეისბუქი, რა Fun page–ი. ვიცი არც პირველი ბლოგერი ვარ ვინც ამ თემაზე წერს – და არც ბოლო, თუმცა მაინც მინდა ჩემი აზრი “გავაშუქო“.

საქართველო, რომ ტრადიციების დამცველი ქვეყანაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. (რამდენად ღირებულია ზოგიერთი ქართული ტრადიცია, ეგ კიდევ საკითხავია) ხოდა შესაბამისად მოსახლეობის უმეტესობაც ვერაფერ არატრადიციულს ვერ ეგუება, ან ეგუება, ოღონდ ამისთვის წლები სჭირდება. მოკლედ მინდა ვისაუბრო არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და რომელთა 90% ოცნებობს ამსტერდამში, ნიუ იორკში ან მსგავს თავისუფალ ქალაქში ცხოვრებაზე იმ მიზეზის გამო, რომ საქართველოში მას ადამიანად არ თვლიან მისი განსხვავებული ცხოვრების წესის გამო. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ყველაფერთან ერთად ევროპელობაზე და ლიბერალური ქვეყნის სტატუსზე გვაქვს პრეტენზია, მაგრამ მგონია, რომ ამ ქვეყანაში საბჭოურ–აზიურ მენტალიტეტს იმდენად აქვს ფესვები გადგმული, რომ ჯერჯერობით ევროპულ აზროვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ევროპის ბევრ ქვეყანაში ისინი უმცირესობებს წარმოადგენენ, საქართველოში კი ესეც არ აღირსეს. (:|)

ბევრი ჩემი ბიჭი მეგობრისთვის მიკითხავს: რას გიშლიან გეების არსებობა? პასუხი იყო:  “არ მევასებიან ტო, რა პონტია ბიჭი და ბიჭი…” შეიძლება რომ წარმოიდგენ არაესთეტური მოგეჩვენოს ხოდა შენც ნუ წარმოიდგენ.:)) ხოლო როცა ზოგიერთი უფროსი თაობის წარმომადგენლისგან (ყველას არ ეხება რა თქმაუნდა)  მომისმენია იგივე თემაზე აზრი მათ ან შეურაწყოფად მიუღიათ ამ თემაზე ლაპარაკი ასე აუხსნიათ გეების არარსებობის მართებულობა: “მამათმავლები სასუფეველში ფეხს ვერ მოიკიდებენ” (ისე ჯერ ჯობია თვითონ ჰქონდეთ მაგ ფეხის მოკიდების გარანტია) როგორც იტყვიან “წარმავალია ეს წუთისოფელი” და არ ჯობია ვაცალოთ ერთმანეთს ამ წარმავალ წუთისოფელში იცხოვრონ ისე, როგორც ბედნიერად იგრძნობენ თავს და არა ისე როგორც ვიღაცის მიერ დაწესებული დოგმები კარნახობს. ალბათ მაშინ იქნება ის ნანატრი მშვიდობა ადამიანებს შორის. (?)

ისე გეი არასდროს ვყოფილვარ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ “ადამის ნეკნისგან შექმნილთა” ჯგუფს მივეკუთვნები.(ისე გეებშიც არის რაღაც ადამის ნეკნისეული ამიტომ ჰქვიათ ალბათ “გეები”:D) მიუხედავად ამისა, ჰომოსექსუალების უკეთ მესმის ვიდრე იმ ხალხის ვინც მათ არსებობას ებრძვის. (იმედია მმკ–ს ჯერ არ აღმოუჩენია ჩემი ბლოგი) თუმცა რომელიმე სექსუალურ უმცირესობას რომ მივეკუთვნებოდე ევროპაში ან ამერიკაში გაქცევით ვუშველიდი თავს. ქვეყნაში სადაც ხალხი გარყვნილად, საზიზღრად, შეურაცხადად გთვლის მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული ორიენტაციის დაიბადე, ნამდვილად არ ღირს გაჩერება.

აქ არის ლინკი სადაც შეგიძლიათ ნახოთ ცნობილი გეები რომელთა უმეტესობამაც შეძლო ისტორიაში შესვლა, ბევრი მსოფლიომ აღარა თავის საქმეში. ალექსანდრე მაკედონელიდან დაწყებული ქრის ქოლფერით დამთავრებული ყველა აქ არის:D

დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ ბევრს აბრალებენ არატრადიციულ ორიენტაციას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირჟაზე მილუსმნულ ბიჭებზე და მუდამ ყანწმომარჯვებულ ბიძიებზე მეტად უვლიან თავს.  არ მესმის რატომ მსჯელობენ ხოლმე ასე ზედაპირულად იმ ადამიანებზე რომლებთანაც უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ. რათქმაუნდა ბევრი პრობლემა არსებობს დემოკრატიის მხრივ ჩვენს ქვეყანაში. უმეტესი გადაჭრილია, თუმცა გადასაჭრელი კიდევ ბევრია (ხოდშია ბოლო დროს ეს გამოთქმა:>) იმედი მაქვს მალე ჩვენი ქვეყანაც ისეთივე ლიბერალური გახდება რომ ბოლო ბოლო თამამად შევძლო თქმა: მე ვარ ქართველი და ასევე ვარ ევროპელი!

პ.ს. ეძღვნება ჩემს ბიჭ მეგობრებს მიშოს, ლაშას, ნოდარის და მმკ–ს:))
პპ.ს ესეც დესერტად – ხალხის აზრი.

Posted in Uncategorized | Leave a comment

მუსიკალური აღსარება

ჩემი მუსიკასთან ურთიერთობა სათავეს სადღაც 2002 წლიდან იღებს. იმ ხანად ჩემი “ცხოვრების საუნდტრეკს”  წარმოადგენდა ბევრისთვის ცნობილი სიმღერა Barbie Girl. მაშინ ეს სიმღერა ჩემს სულიერ სამყაროს გამოხატავდა.:) ახლაც ნოსტალგია მაქვს ბავშვობაზე ამ სიმღერის მოსმენისას . ბარბი ხომ ცხოვრების აზრი იყო ჩემთვის და ჩემი ასაკის ბავშვებისთვის. გავიდა 1,2 წელი და ჩემი ასაკის ბავშვებში გავრცელდა – britni spirsi ( ასე მოვიხსენიებდით მაშინ მეგობრობის დღიურის შევსებისას გრაფაში – საყვარელი მომღერალი) ბევრი არ ვიცოდი მის შესახებ, უბრალოდ მოკრული მქონდა  მისი ერთი – ორი სიმღერისთვის ყური, ვიცოდი რომ იყო ქერა(თუმცა არ იყო მადონა) და ჩემს აბაზანასაც ამშვენებდა მისი მომღიმარი სახე:) (მგონი ახლაც მაქვს სადღაც ეგ პოსტერი).

ამ “პოპ ზვეზდათი” დიდხანს არ ვყოფილვარ დაინტერესებული, რადგან მალევე მივხვდი, რომ მოდაში შემოსვლის გამო ვუსმენდი და არა იმიტომ, რომ მომწონდა, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა მაინც ვერ ვიპოვე და ცოტა ხანი “ტაიმ აუტი” ავიღე ამ საკითხში. (ისე რომ ვუფიქრდები, რა ტიპიური ბავშვი ვიყავი)

გავიდა 1 წელი და სადღაც 7–8 წლის ასაკში მე და სელინ დიონმა ვიპოვეთ ერთმანეთი, მაგრამ მალევე მომბეზრდა და ისიც დანარჩენი ორივით “უნამუსოდ” მივაგდე. “ყველა ფანი ერთნაერია” იფიქრა გულდაწტვეტილმა სელინმა. მერე იყო ცუდი ხანა. თქვენ წარმოიდგინეთ უარესი ვიდრე მანამდე: Ashlee Simpson, mariah carey,  backstreet boys, Blue … ~ არაუშავს ვის არ განუცდია კრიზისი გემოვნებაში. მერე შემიყვარდა ავრილ ლავინი. ეს იყო 10–11 წლის ასაკში და ვცდილობდი მისთვის მიმებაძა ყოველმხრივ (არა, აწი აღარ დავწერ ასეთ პოსტს, მთლად უთავმოყვარეოც ხო არ ვარ)

ერთ მზიან დილას რაღაც “შარიკი” გადამიტრიალდა თავში და მივხვდი, რომ კრიზისი მორჩა. ზემოდ ნახსენები ტიპის მუსიკიდან უდიდესი ნაბიჯი (თითქმის შპაგატი) გადავდგი ნამდვილ მუსიკამდე. ყოველი შემთხვევისთვის ახლა ასე ვფიქრობ. მოულოდნელად შემიყვარდა ისეთი ბენდები და მომღერლები როგორიცაა – Janis Joplin, The Beatles, Joe Cocker, Elvis Presley, Bob Dylan, Pink Floyd, Led Zeppelin, The Doors, The Rolling Stones, Louis Amstrong,  Oscar Peterson და ა.შ.(შეგიძლიათ დააკლიკოთ და ნაღებ ჰიტებს ეზიაროთ:) აშკარად ვგრძნობდი დიდ სხვაობას “ამ” მუსიკასა და “იმ” მუსიკას შორის. ვფიქრობ, რომ მათ ბევრად მეტი შექმნეს ვიდრე ახლა იქმნება. დღესდღეობით ვუსმენ ჯაზს, ელექტრონულ მუსიკას, ინდი როკს, ალტერნატივას, და  Fოლკს. შედარებით ახლად დაარსებული ჯგუფებიდან მომწონს  The Kooks, Keane, Coldplay, Radiohead, Cocorosie, Monsters Of  Folk, R.E.M, Oh No Oh My, Joanna Newsom, Moby და ა. შ

CocoRosie – არის დებისგან შემდგარი დუეტი, რომელიც 2003 წელს ჩამოყალიბდა. ძირითადად მღერიან ექსპერიმენტალურ ჟანრში და ასევე  Fოლშკი. ისე ძალიან განსხვავებული დუეტია. მსგავსი ჯერ არ მომისმენია. საყვარლად შეშლილები არიან:) საქართველოში ჯერჯერობით ნაკლებად პოპულარულია მარა ნეჩეგო:)

Radiohead – Creep < მიყვარს, მამშვიდებს, კარგ განწყობაზე მაყენებს, მაძინებს, ზზზ…

Keane – Somewhere Only We Know

The Kooks – Naive < ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ინდი-როკ  ჯგუფი. ჩამოყალიბდა ბრიტანეთში 2004 წელს. შედგება 3 წევრისგან: Luke Pritchard, Hugh Harris, Peter Denton.

Coldplay – scientist < ამას არ სჭირდება კომენტარი.

Posted in თუთისებრი მუსიკა | Tagged , , | 4 Comments